BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია“ - მარინა ეზუგბაია

ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
 
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, აკრძალვების მიუხედავად, საზოგადოება რეგულაციებს არ იცავს. დიდი თავყრილობები კვლავ იმართება, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.
 
„2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Pჩღ დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია. Pჩღ ტესტირება 2 კვირაში ძალიან გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებულია 13 226 ტესტი. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
 
ჩვენ, მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რეგულაციები შევასრულოთ.
 
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
 
თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
 
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმეა, 4 კი მძიმე პაციენტი.
382