BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს” - პრემიერი

"ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.
 
„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.
 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.
 
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის.
 
დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
733