BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან დავითაშვილი: „მთავრობა ამ ეტაპზე იმპორტის სუბსიდირებას არ აპირებს”

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე იმპორტის სუბსიდირებას არ აპირებს, რადგან ამის წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ გავაკეთეთ გაზაფხულზე იმპორტის წახალისება, მხოლოდ იქიდან გამომდინარე რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტის კვოტირებას და სხვადასხვა ტიპის ბარიერის შემოღებას და ფიზიკურად შეიძლება ყოფილიყო წყვეტა მიწოდებაში. ასეთი რამ არ მოიაზრება ახლა და ამის წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და მსგავსი ინტერვენციას არ ვგეგმავთ.
 
ვაკვირდებით ხორბალს, რადგან ის არის საფუძველი და არა ფქვილი, იმიტომ რომ საქართველოს აქვს იმაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სიმძლავრე, რომ ქვეყნისთვის აწარმოოს საჭირო რაოდენობის ფქვილი და შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე და არა ფქვილზე იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უზრუნველყოფილი პურ-პროდუქტებით“, - განაცხადა მინისტრმა.  
 
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო თვენახევარში კი ფასი ერთ ტონა ხორბალზე თითქმის 50 დოლარით გაიზარდა. საქართველოში ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ფასები 200 დოლარიდან 250 დოლარამდე გაიზარდა.
 
ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე გაძვირდა ფქვილიც. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობს, ფქვილზე ფასი 2 ლარითაა მომატებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ნოემბერში საერთაშორისო ბაზრის ტრენდი ფქვილის ფასზე მეტად აისახება.
 
ხორბალზე არსებული ფასი და ფქვილის ღირებულება იყო ერთ-ერთი თემა, რაც რამდენიმე დღის წინ დაისვა ბიზნესსა და პრემიერის შეხვედრაზე. როგორც ირკვევა, თუ ფასის ზრდა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, მთავრობა კვლავ სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს.
 
473