BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

IMF: საქართველოს ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2024 წელს დაუბრუნდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 10 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოში მისიის ბოლო, მე-7 დასკვნა, რომელშიც წერს, რომ საქართველოში ტურიზმის სფეროს მიერ მიღებულო შოკი დიდხანს გასტანს.
 
IMF-ის პროგნოზით, 2019 წლის მაჩვენებლებს ტურიზმის სფერო მხოლოდ 2024 წლისთვის დაუბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმ 3 მლრდ ლარს გადააჭარბა. იმავე წელს, ამ უწყების ინფორმაციითვე, საქართველოში 5 მლნ ტურისტი შემოვიდა.
 
სავალუტო ფონდი ელოდება, რომ 2025 წლისთვის ანგარიშის დეფიციტი [ქვეყნის სავაჭრო ბალანსსა და შემოსავლებს შორის სხვაობა] მშპ-ის 5.5%-ს მიაღწევს, რაც შესაძლებელი იქნება ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით.
 
IMF-ი ახალ პუბლიკაციაში წერს, რომ 2020 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 5%-იანი კლებაა მოსალოდნელი, 2021 წელს კი ნავარაუდებია 4.3%-იანი ზრდა.
 
ეს მონაცემბი განსხვავდება წინა დასკვსნისგან, სადაც 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები [2019 წელს მშპ-მა მიმდინარე ფასებში 50 მლრდ ლარი შეადგინა, რეალური ზრდა კი 5.1% იყო. არსებობს მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით გაიზრდება].
 
სავალუტო ფონდის მკვლევრები თავიანთი პროგნოზის ცვლილების მიზეზად ასახელებენ, ერთი მხრივ, რეგიონულ კონფლიქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას [ყარაბაღის ომი], მეორე მხრივ კი საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას.
 
2021 წელს 4.3%-იანი ზრდის პროგნოზის მიუხედავად, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლის რისკები მაინც რჩება.
 
IMF-ი ასევე მიუთითებს, რომ ინფლაცია 3%-ს 2021 წლის ბოლოს მიაღწევს. საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზად კი ფონდი 5.25%-ს მიუთითებს, რაც მიიღწევა გაზრდილი ხარჯებით ინფრასტრუქტურის სფეროში და მდგრადი სტრუქტურული რეფორმებით, რისი მიზანიც პროდუქტიულობის გაზრდა და ისეთი ეკონომიკური ზრდის წახალისებაა, სადაც კერძო სექტორია წამყვანი.
370