BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში“ - პაატა იმნაძე

შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.
 
„შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს“,-განაცხადა იმნაძემ.
 
მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკში იმყოფება.
 
„ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს“,-განაცხადა იმნაძემ.
 
ამასთან, იმნაძის თქმით, რესურსი იმისა, რომ PCR ტესტირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს არ არსებობს და ძალისხმევა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებისაკენ უნდა მიმართონ.
 
„14 000 ტესტია გუშინ ჩატარებული, უქმე დღეებში და დღესასწაულებზე ნაკლები ტესტი ტარდება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი მონაცემებით მხოლოდ 3000-ი შემთხვევა გამოვლინდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა მოვუმატოთ. თუ შეზღუდვებს დავამატებთ, აღარ მოიმატებს დაავადების შემთხვევები, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში. დავიწყეთ 200 PCR ტესტიდან და ავედით 10000-ზე მეტ ტესტზე. რესურსი იმისა, რომ ამან მკვეთრად მოიმატოს, არ არის. ამასთან, მსოფლიოში გამოჩნდა აღიარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელიც პრაქტიკულად ანაცვლებს PCR კვლევას და სწრაფად იძლევა პასუხს. ძირითადად ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ გაფართოვდეს ანტიგენის გამოყენება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
344