BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს” - ნათია თურნავა

კონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.
 
როგორც მან ჟურნალისტებს მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დახმარებისთვის იქნება გამოყოფილი.
 
„პირველ რიგში, ესაა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, პანდემიასთან ბრძოლის და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ბიუჯეტი. მთავარი ნიშან-თვისება ამ ბიუჯეტის არის ადამიანებზე ზრუნვა, სოციალური დახმარება. ასევე ჩვენ ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას ვასრულებთ, რაც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო აღებული, ესაა პენსიების ინდექსაცია, მასწავლებლების, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების ზრდა და ერთი მნიშვნელოვანი ბლოკია მცირე ბიზნესის დახმარება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
მან ასევე სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული ობიექტები გასხვისება არ იგეგმება.
 
„წელს, პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 2019 წელს მიღებულ თანხას გადააჭარბა",-აღნიშნა თურნავამ.
337