BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს 4 მსხვილი კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს

საქართველოს 4 მსხვილი კლინიკა - „ევექსი ჰოსპიტლები“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „მედალფა“ და „ჯეოსპიტალსი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს.
 
ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილი წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
 
„მოგეხსენებათ, ჩვენმა სექტორმა, როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე, არაერთხელ მოგმართათ წერილობით, რომლითაც ვითხოვდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების გვერდში დგომას. აღნიშნული მომართვები უმეტესწილად განპირობებული იყო ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით, რომელმაც მთელი ქვეყანა, როგორც მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს წერილებშიც, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდგომ, სამედიცინო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება და დღესაც, შესაძლებლობის ფარგებში, ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასამარცხებლად.
 
ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამდე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით, მთელ რიგ სამედიცინო მომსახურებებზე შემცირდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ღირებულებები/ტარიფები, რაც უმძიმეს ტვირთად დააწვა, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომაროებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს.
 
შემდგომ, კიდევ უფრო დამძიმდა დარგის მდგომარეობა ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში დრამატულად გაუფასურების გამო. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება მოცემულია აშშ დოლარსა და ევროში. ამას გარდა გაძვირებულია სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯები.
 
გარდა ამისა, მსოფლიოში შეიქმნა დეფიციტი სამედიცინო სახარჯ მასალებზე - ფასები მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი კატეგორიის ფასი (მაგ. ხელთათმანები) კი ასეულობით პროცენტით.
 
ამასთან, გარდა ამისა, პანდემიამ გამოიწვია დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობისათვის გაუთვალისწინებელი დანახარჯების გაზრდა - საუბარი გვავქს კლინიკებში ცხელების ზონებსა და მათზე გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, გამკაცრებული სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ინვესტიციებზე და ა.შ.
 
ფასების მატებასთან ერთად, პანდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 3 თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებებში მომართვიანობა კატასტროფულად იყო შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი თუმცა არ შეწყვეტილა თანამშრომელთა ანაზღაურების გაცემა. ნოემბრიდან გეგმიური ქირურგიული ჩარევების დაფინანსების შეჩერებამ დამატებით გამოიწვია შემოსავლების კლება, რამაც კიდევ უფრო გაართულა კლინიკების მიერ მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრება, სახარჯი მასალის შეძენა და ადექვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
 
გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა თვეში ათეულობით ათას ლარს ხარჯავს პერსონალის კლინიკებში ტრანსპორტირებაზე.
 
რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან კომუნალური გადასახადები ძვირდება (მათ შრის ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა), რაც დამატებით უმძიმეს ტვირთად აწვება, ისედაც მძიმე მდგომარეობაშ მყოფ დარგს.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუციის გამო, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების მიუხედავად, აღნიშნული სექტორი 24 საათის განმავლობაში, სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა ზემოხსენებული გამოწვევის პირობებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირების გამო კი, კომუნალური გადასახადები, ტარიფის გაზრდამდეც, სოლიდურ ოდენობას წარმოადგენდა, ხოლო ტარიფის ცვლილების შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მოცულობის ხარჯებთან გამკლავება.
 
ზემოთ ნახსენები პრობლემების ერთობლიობის გათვალისწინებით, სამედიცინო სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.
 
იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოვეს დღეებში მოხდეს შეხვედრა სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება.
 
დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც.
 
იმედს გამოვთქვამთ, გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს მდგომარეობას და გვერდში დაგვიდგებით ჩვენთვის ამ უმძიმეს ვითარებაში“, - წერია წერილში, რომელსაც ხელს გიორგი მინდიაშვილი (ს.ს. ევექსი ჰოსპიტლები), გიორგი რამიშვილი, (ს.ს. ნიუ ჰოსპიტალსი), გიორგი ამბროლიანი (ს.ს. მედალფა) და ზურაბ ქიტოშვილი (ს.ს. ჯეო ჰოსპიტალსი) აწერენ.
342