BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ექსპორტში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს - ევა ბოჭორიშვილი

„ექსპორტში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს, აპრილში 70%-იანი ზრდაა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა“, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.
 
მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რაც ექსპორტის დადებით დინამიკაზე მოქმედებს.
 
“2019 წლის აპრილთან შედარებით ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის გამოვყოფდი საგარეო მოთხოვნას, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამ ნაწილში ავტომობილების რეექსპორტს გამოვყოფდი, რომელიც 460%-ით გაიზარდა; მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში მნიშვნელოვან მატებას აღარ ველოდით, რეექსპორტი სომხეთის მიმართულებითაც კი გაზრდილია. მეორე ფაქტორი, რაც ექსპორტის ზრდაზე გავლენას ახდენს, არის ის, რომ მსოფლიოში სასაქონლო ფასები იზრდება, რასაც მოთხოვნის გაჯანსაღებასთან ერთად, ეფექტი აქვს.
 
საბოლოო ჯამში, გასულ ოთხ თვეში ექსპორტი 20%-ით არის გაზრდილი. იმპორტიც მნიშვნელოვნად, 10%-ით გაიზარდა და მომდევნო თვეებში, როგორც ექსპორტის ნაკადების ზრდას ველით, ასევე ვფიქრობთ, რომ იმპორტის მოცულობაც გაიზრდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
171