BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საერთოდ არ ეცოდინებოდათ ქვეყნის რა ინტერესები ეწირებოდა, რომ არა ჩვენი პროტესტი - ვარლამ გოლეთიანი

საერთოდ არ ეცოდინებოდათ ქვეყნის რა ინტერესები ეწირებოდა, რომ არა ჩვენი პროტესტი და თურმე იმდენად მნიშვნელოვანი ინტერესები ეწირებოდა, რომ ასე ეს პროექტი ვეღარ განხორციელდება და, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მისასალმებელია და ვიწონებთ პრემიერის განცხადებას,- ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.
 
ამასთანავე, გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ არსებული პროტესტის მნიშვნელობა საკუთარი განცხადებით აღიარა, მაინც არ ჩათვალა „რიონის ხეობის მცველები“ იმ სრულფასოვან მხარედ, რომლისთვისაც ინვესტორთან მოლაპარაკებამდე აზრი უნდა ეკითხათ პროექტში არსებული პრობლემების სრულ სპექტრთან დაკავშირებით.
 
„თქვენ გახსოვთ პრემიერის პირველი განცხადება, როდესაც ის ამბობდა, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი გარე ძალებისგან და ძირითადად მოიაზრებენ ხოლმე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და დღეს ვნახეთ, რომ მისი მხრიდან შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა - ნამახვანი და აქვე ისმის კითხვა, ვინ დააყენა ეს საკითხი პრობლემურად ანუ საიდან გაიგეს საერთოდ ამ პრობლემის შესახებ თუ არა ამ პროტესტისგან? როგორი იყო მისი შეფასება პირველ დღეებში, როდესაც მეორედ გაპრემიერდა და რა არის დღეს მისი განცხადება და ის აცდენა რაც არის შეფასების ნაწილში, რომ თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, რომელმაც ისეთ რთულ სახელმწიფო ინტერესების დათმობას გადაარჩინა ქვეყანა, რომ ამ ფორმით ახლა ამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ შეიძლება?
 
ამისთვის მე გიხდით პრემიერის მაგივრად მადლობას, პირადად თქვენ, რომ უზრუნველყავით ეს პროცესი და რომ არა თქვენი დგომა და ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მოვიდოდა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების და ყველა აქცენტი დავსვათ. ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, იმ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ, რა გვაქვს სათქმელი საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე და ჩვენთვის პირველი არ არის, რა აღიარებებსაც ვისმენთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, „რიონის ხეობის მცველების მიზანი მიღწეულია, რადგან ხეობაში კომპანიას „ენკას“ მუშაობა შეჩერებულია.
 
„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია და ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. დღევანდელ დღეს 7 ლოკაციაზე ხეობა დაბლოკილია და ნამდვილად მუშაობს ეს პროცესი და მინდა ასეთი თხოვნა გავაჟღერო, ჩვენ ამ ლოკაციების გასაძლიერებლად გვჭირდება ადამინური რესურსი და, ვაპირებთ გარკვეული განრიგი გავაკეთოთ ამისთვის. მაქსიმალურად მოვარგებთ ადამიანების თავისუფალ დროს ამ განრიგს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ლოკაციებზე. ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც სურვილი გაქვთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.
 
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება.
 
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი.
1360