BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არცერთ შემთხვევაში არ იქნება - კობა გვენეტაძე

"ზუსტად შემიძლიათ გითხრათ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება,"- ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გადაცემა "ანალიტიკას" კითხვას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი 15 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე. 
 
კობა გვენეტაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, აუცილებელია რეფინანსირების განაკვეთი გაზრდილ ნიშნულზე შენარჩუნდეს. თავისმხრივ, მაღალი რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებული ინფლაციის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და აგვისტოს მდგომარეობით 12.8%-ს შეადგენს. 
 
ამასთან, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ-ს უწევს დაიჭიროს ბალანსი ეკონომიკურ ზრდასა და ინლაციას შორის და თუკი რეფინანსირების განაკვეთი მაგალითად 15% ან 16% იქნა, ეს ქვეყანაში ფასების ზრდას მართალია შეამცირებს, თუმცა ის ნეგატიურად აისახება დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. 
 
"ეკონომიკაში გვაქვს ზრდა და მოთხოვნაც უკვე საკმაოდ კარგად იზრდება და ამან შეიძლება უკვე კვალი დააჩნიოს ინფლაციას, აქედან გამომდინარე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება. ჩვენ რა თქმა უნდა გავაანალიზებთ მონაცემებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
 
იმ შემთხვევაში თუ კიდევ უფრო გამკაცრდება განაკვეთი და იქნება 15% ან 16%, ამან შეიძლება უფრო შეამციროს ფასების ზრდა, მაგრამ ეს იქნება უკვე მოთხოვნის შემცირებით განპირობებული და ეს ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს. შემცირებული მოთხოვნა ეს არის დაკარგული სამუშაო ადგილები და რა ჯობია, ამ შემთხვევაში მაინც ვთქვათ რა ჯობია ადამიანს ჰქონდეს ხელფასი და სამსახური მაღალი ინფლაციის პირობებში, თუ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდეს სამსახური, რაც იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის ძალიან გამკაცრების შედეგი.
 
ადრეც რომ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ნავთობის ფასები ხომ არ შეიცვლებოდა? FAO-ს სურსათის გაზრდილი ინდექსი ხომ არ შეიცვლებოდა? მაგრამ გვექნებოდა უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა,"- გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აცხადებს კობა გვენეტაძე.
 
2021 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე სამჯერ გაზარდა, აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით მისი დონე 10%-ით განისაზღვრა. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების დონის შესახებ შემდეგი გადაწყვეტილება 15 სექტემბერს უნდა მიიღოს. 
436