BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახეთში, მევენახეებმა 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის  მაჩვენებელს. 
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი პიკურ ფაზაში შედის. 
 
მათივე ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე რქაწითელია, 30,5 ათას ტონამდე საფერავი,  2,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. 
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უაროფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
 
რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
252