BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკონომიკის აღდგენა გადის სწორედ ვაქცინაციაზე - ღარიბაშვილი

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კასპში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ ისაუბრ ვაქცინების მობილიზებაში მთავრობის წვლილზე.
 
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასძინა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა ისევ არ დაკეტილიყო.
 
„ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ახლა, რაც მართლაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში და მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახსნილიყო, სწრაფად მომხდარიყო ეკონომიკის აღდგენა, თუნდაც ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. დაახლოებით მილიონ-ნახევარი ვიზიტორი გვყავდა ჩვენ წელს უკვე და რაც მთავარია, ამ მიმართულებით გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ დაკეტილიყო ქვეყანა.
 
ამისთვის შემოვიტანეთ ვაქცინებიც, მილიონობით ვაქცინა შემოვიდა, ყველა სახის, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი და მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის სწორედ არჩევანის მიცემა, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა აძლევ არჩევანს მოქალაქეს და თავად ირჩევს, თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს - გაიკეთოს ვაქცინა, თუ არ უნდა გაიკეთოს, როგორი ტიპის ვაქცინა უნდა გაიკეთოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე, ამიტომ, ჩვენ ეს განსაცდელი უნდა ვმართოთ, ერთად უნდა გავიაროთ ეს პროცესი და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს.
 
სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. საჭიროა მაქსიმალურად მობილიზება, იმისთვის რომ ეს განსაცდელი ჩვენ, ყველამ ერთად გავიაროთ. ეს თვე არის საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სიტუაცია მშვიდდება და სტაბილურდება“, - განაცხადა პრემიერმა.
171