BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
 
გასული თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში – 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.
 
ამავდროულად, კოვიდის შემთხვევების მატების ფონზე, ბიზნესის განწყობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუარესდა და კვლავ შესამჩნევად პოზიტიურია. აღნიშნული შეფასება მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობის მცირედი შენელებისა და პანდემიის მორიგი ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია.
 
„BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებლის ტრენდი ცხადად გვიჩვენებს პანდემიის პირველი ტალღის შედეგად გამოწვეული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბიზნესგარემოს ეტაპობრივ გაუმჯობესებას და კოვიდამდე არსებულ მდგომარეობისკენ სვლას. მესამე კვარტალში გრძელდება შეზღუდვების მოხსნის შედეგად წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის III კვარტლის შედეგები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც პანდემიის მიერ შექმნილ გარემოებებთან ბიზნესის მორგებისა და ეკონომიკის გამოცოცხლებით არის განპირობებული“, – აცხადებენ ასოციაციაში.
 
კვლევის თანახმად, ბიზნეს გარემო მკვეთრ გაუარესებას აღარ მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, კოვიდით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ბიზნესზე შემცირებულია.
252