BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის - თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მომატებული მოხმარება საკუთარი წყაროებით იფარებოდეს.
 
მინისტრის განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგფები და მიმდინარეობს კომუნიკაცია.
 
„ნამახვანის“ პროექტი თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად, ნიშნავს ელექტრონერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენს საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართება არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილი არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა.
 
ჩვენ მათთან ერთად კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან აწარმოებენ შეხვდრებს, კომუნიკაციბს. ჯერჯერობით არა ჩემს დონეზე, თუმცა მე პირადად რა თქმა უნდა ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ, ხდება სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება, ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა, გავიდეს და ა.შ. ასე არ ხდება. მთელი რგი პასუხისმგებლობებია. ვსაუბრობთ, ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გიდასტურებთ, რომ არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფი ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც  და არის პერიოდული შეხვედრებიც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
317