BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მეთიუ ბრაიზა - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება „პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და მთავრობას ძალიან ვნებს“.
 
როგორც ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა.
 
„სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია“, - განაცხადა ბრაიზამ.
 
რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლა, ბრაიზა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ დეესკალაციის გზები უნდა მონახოს.
 
„ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული. უნდა გამოინახოს დეესკალაციის გზები. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და გარდა შიმშილობისა, მას ბრძოლის სხვა მექანიზმი დარჩენილი არ აქვს. შიმშილობაზე სამუდამოდ ყოფნა არავის შეუძლია. სწორედ ეს არის შიმშილობის აზრი, რომ მთავრობა ზეწოლის ქვეშ მოაქციო. მე რომ საქართველოს მთავრობა ვიყო, დეესკალაციის გზების მონახვაზე ვიფიქრებდი. ამისთვის გზები არსებობს - ერთი ისაა, რომ ის ციხეში 6 წელი არ უნდა დატოვონ. ის დაუსწრებლად გაასამართლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სამართლიანი არ იყო. ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას [სააკაშვილს] წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
201