BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ადამიანის სიცოცხლისთვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია – კლინიკების ასოციაცია პრემიერს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია განცხადებით მიმართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე.
 
ასოციაცია ღარიბაშვილს შეახსენებს, რომ ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია.
 
“საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური არჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია.
 
ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ.
 
პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება”, – წერია ასოციაციის მიმართვაში.
 
ცნობისთვის, სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა სამოქალაქო კლინიკაში. გუშინ გლდანის ციხის კლინიკა დაათვალიერეს იუსტიციის მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მათი მტკიცებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია.
 
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
255