BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სავარაუდოდ, ორშაბათს, გამოცხადდება გარკვეული ზომები, მათ შორის ამოქმედდება ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ორშაბათს, გამოცხადდება გარკვეული ზომები, მათ შორის ამოქმედდება ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები.
 
ამის შესახებ იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში, „ღამის კურიერი“ ისაუბრა.
 
იმნაძის თქმით, „კოვიდ/მწვანე პასპორტები“ ტოვებს შესაძლებლობას, ადამიანი ან აიცრას, ან სწრაფი ან PCR ტესტი ჰქონდეს ჩატარებული. ამასთან, დოკუმენტით ისარგებლებენ პირებიც, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ:
 
„ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია, მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის, განსაკუთრებით, გარკვეული ჯგუფებისთვის, როგორიცაა მედიკოსები და პედაგოგებიც. ორშაბათის, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, ალბათ, გამოცხადდება გარკვეული ზომები და იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის უამრავმა ქვეყანამ.
 
ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება. მოგეხსენებათ, არ არის მარტო აცრა, არჩევანის საშუალებაა, იქ შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე, ორჯერადი აცრა და PCR ან სწრაფი ტესტირება. უბრალოდ, ვადა ექნება განსხვავებული. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც გამოიყენა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“, – ამბობს პაატა იმნაძე.
 
„კოვიდ/მწვანე პასპორტებს”, ანუ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ. მაგალითად, Euronews-ის თანახმად, ევროპაში „კოვიდ პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.
 
გარკვეულ შემთხვევებში ჩამოთვლილ ქვეყნებს „კოვიდ პასპორტების” გამოყენების განსხვავებული მეთოდები აქვთ, ზოგ ქვეყანაში ეს სავალდებულოა, ზოგან კი, მაგალითად, ნიდერლანდებში, არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.
795