BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრემიერი - 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე გავხადეთ სოციალური დახმარების მძევლები

300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, დაწყებულია იდენტიფიცირება, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს, ასევე რამდენიმე დღეში პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სადაც აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ.
 
„მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე განვიხილე ეკონომიკურ გუნდთან, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე არსებობს ევროპის წარმატებულ ქვეყნებში. ეს ე.წ. Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა. ვუყურებთ რა არსებულ სისტემას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დღეს დაახლოებით 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და რატომ - 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი - 300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ. მიზეზი არის ძალიან მარტივი - ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს მას ერთჯერადი, ორჯერადი, ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა. ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობის და უპერსპექტივობის, არამედ, იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა.
 
ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს. მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გამოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს.
 
ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? დაახლოებით იგივე სამსახურს - იქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა მას დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და მას სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
მისი თქმით, ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება, და ეს იქნება სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავალი.
 
„საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ - ძალიან ბევრი, მრავალი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ალბათ, რამდენიმე ათ წლიან პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აღდგენა სჭირდება.
 
შიში მოეხსნებათ ამ ადამიანებს, კომპლექსი, რომელიც აქვთ, რომ ტელევიზორს ვერ იყიდის ადამიანი და ამ შიშის ქვეშ უნდა იცხოვროს მუდმივად, რომ არ მოეხსნას, ან სხვა დამატებით შემოსავალს რომ ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი და მთავარი მოტივატორი. მას არა მხოლოდ ეს ხელფასი ექნება ამ გარანტირებული სამუშაოდან და იმ შემწეობის ოდენობის, არამედ, მას შეეძლება, რომ 2-3 სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ყოველდღიური სამსახური. რეალურად, მისი შემოსავალი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს. თუ ჩვენ ადამიანები არ მივაჩვიეთ ამ შრომას, არ განვუვითარეთ უნარები, თავად არ დაიჯერეს საკუთარი თავის და საკუთარი უნარების რეალიზება არ მოახდინეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის მორევი, ამ მორევიდან თუ არ ამოვედით, თუ რაღაც გარღვევა არ გავაკეთეთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა.
 
სისტემა შეიქმნება, ჩამოყალიბდება, გაიწერება ეს კრიტერიუმები და მოთხოვნები, რაც ყველას მიერ იქნება შესასრულებელი. თუ ადამიანი გახდება იმდენად წარმატებული, რომ საკუთარ ბიზნეს საქმიანობას წამოიწყებს და აქედანაც, ბუნებრივია, სახელმწიფო აღარ გააგრძელებს ამ ანაზღაურების გადახდას.
 
ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია ეს სისტემა და არ გაგვიწერია კრიტერიუმები, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მე ახლავე შემიძლია გიპასუხოთ ძალიან მარტივად, ასე წარმომიდგენია და ამ თემაზე მსჯელობა გვქონდა უკვე, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად მოხდება - კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იქნება დასაქმების სააგენტოს კონკრეტული წარმომადგენლობა და პირობითად, თქვენ ხართ წარმატებული ბიზნესმენი, ფერმერი და გჭირდება 100 მუშახელი, მიმართავთ ამ კონკრეტულ სააგენტოს და სააგენტო გამოგიგზავნით თქვენ, შესაბამისად, არ მოხდება არც დუბლირება, არც საზოგადოებრივ საქმიანობას არ მოაკლდება ეს ძალა. ვთქვათ პირდაპირ, რომ 300 000 სამუშაო ადგილი და ადამიანი არის ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ამ ძალას ისე გადავანაწილებთ, ეს არის რეალურად დიდი ჯარი, რომელიც უნდა იმართოს ძალიან ეფექტიანად.
 
მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის მერია, დღეს რომ მიაწოდოთ 10 000 მუშახელი, ადამიანი, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს, იმიტომ, რომ იმდენია საქმე ქალაქში, ყველგან. რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება, სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს ხომ, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის. რაც თქვენ მკითხეთ - ხომ არ მოაკლდება საქმე, თუ გადავა სხვაგან - ამას ყველაფერს იმგვარად დავალაგებთ, რომ ეს იყოს კოორდინირებული და კონტროლის ქვეშ. პირობითად, რომელიმე სხვა კომპანიას რომ დასჭირდეს დაქირავება, დამატებით, რა თქმა უნდა, ჩაერიცხებათ, მიეცემათ შემოსავალი და სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი.
 
მინდა, რომ ეს ყველაფერი, პროცესი იანვრიდან დავიწყოთ. ამ პროცესს, მომზადებას დასჭირდება რამდენიმე თვე, სისტემატიზაციას, დალაგებას, სისტემის აწყობას, ერთ თვეში ამას ვერ დავალაგებთ, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ გაზაფხული-ზაფხულისთვის ყველაფერი იყოს დალაგებული. 5-6 თვის განმავლობაში ეს სისტემა შეიძლება კარგად გაიმართოს ეფექტური მენეჯმენტის პირობებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
197