BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გვინდა 5000 IT სპეციალისტი გადავამზადოთ - ღარიბაშვილი

"ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია.
 
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება.
 
ჩემი დავალებაა და მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავისახოთ, რომ საქართველო გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ჩვენ შეგვიძლია.
 
ახალი გეგმების მიხედვით, მათ შორის ათ წლიანი ხედვის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოეს სამ წელიწადში ათასი საწარმოს თანადაფინანსება გავაკეთოთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
 
360 გამოკვეთილი მიმართულება გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ, პირველად ჩემი პრემიერობის დროს, სწორედ ჩემი შექმნილი იყო ტექნოლოგიური სააგენტო. ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, გვინდა, რომ 5000 IT სპეციალისტი გადავამზადოთ. ეს პროგრამა უნდა გავშალოთ რეგიონების მასშტაბით.
 
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ აქ, ადგილზე დაკავდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. ბევრი ადამიანი შეიძლება წავიდეს და შემდეგ დაბრუნდეს, თუ უკეთესი პერსპექტივა აქვს სხვაგან, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აქ, ადგილზე შევუქმნათ პირობები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპების განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
83