BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ხორბლის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“ - ლევან დავითაშვილი

„ხორბლის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას დაწესებული გადასახადის გამო, იმპორტის შემცირების გამო ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხს შეეხებოდა.

ჟურნალისტებმა მინისტრს ასევე ჰკითხეს, რა მექანიზმებს ამუშავებდა ხორბლის იმპორტისა და გადამუშავების დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შექმნილი უწყებათშორის საბჭო და ხომ არ იყო ეს მექანიზმები გარკვეული.

მინისტრმა შეკითხვის მეორე ნაწილს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანა ხორბლის მარაგებს საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით მართავს.

„მუდმივად ვაწარმოებთ კრიტიკული სასურსათო მარაგების მონიტორინგს, ამ შემთხვევაში ხორბალს ვგულისხმობ. ქვეყანაში მუდმივად გვაქვს 2 თვეზე მეტი ხორბლის მარაგი, ეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეკომენდაციაა და საქართველოშიც ბოლო თვეში 30 ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. ასე რომ, სასურსათო მარაგების საფრთხე არ დგას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ ქვეყანაში ხორბლის სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე საუბარი მიმდინარე წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე გადასახადი მკვეთრად გაიზარდა. ამ პერიოდიდან ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა, რომელიც იმპორტირებული ფქვილის ფასთან კონკურენციაში შესვლა ვერ შეძლეს, დახურვა დაიწყეს. შესაბამისად შემცირდა ხორბლის იმპორტიც. ასოციაციის ინფორმაციითვე, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების ჩართულობით შექმნილმა საბჭომ ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პრობლემების გადაჭრის მექანიზმებზე დაიწყო მუშაობა, თუმცა დარგს უწყებათშორისი საბჭოსგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

ცნობისთვის: მხოლოდ ოქტომბერში საქართველოში 10.8 მლნ დოლარის ღირებულების 35 790 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც გასული წლის მოცულობას მცირედით ჩამორჩება, ღირებულებას კი დაახლოებით 3 მლნ დოლარით აღემატება. 2021 წლის 10 თვეში ხორბლის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 21.8%-ით შემცირებულია და 318 657 ტონა ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 78.6 მლნ დოლარი გავიდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 291 605 ტონა ხორბალი შევიძინეთ.

317