BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მიხეილ სააკაშვილი - პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო

პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო - შეცდომა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეცდომები ერთია, ხოლო დანაშაული მეორე და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი.
 
„როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია“. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი! მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო. რა თქმა უნდა, მე ძალიან მეჩქარებოდა საქართველოს განვითარება და ვინც ჩქარობს ყოველთვის უშვებს შეცდომებს. მე ვიცოდი, რომ ცოტა დრო მქონდა, მე ვიცოდი, რომ ბევრი რაღაცა იყო გასაკეთებელი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
335