BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც, როგორც “ენგურჰესში” აცხადებენ, პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.
 
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ:
 
“კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.
 
ამ, საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს”.
 
კომპანიის ცნობითვე, ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა). სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან – 5:00 სთ-მდე.
329