BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პაატა იმნაძე: „ომიკრონ“ შტამი ჩვენთანაც შემოაღწევს, საქართველო მთვარეზე არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოშიც გამოჩნდება და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ახალი შტამის შემოსვლის პერიოდი მაქსიმალურად გადაიწიოს. ამის შესახებ მან გუშინ, 29 ნოემბერს, „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
 
„დაახლოებით ხომ ვიცით როდის მოაღწია [კორონავირუსმა] პირველად ჩინეთიდან, ალფამ ბრიტანეთიდან, როდის მოაღწია დელტამ… დედამიწაზე, სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია. დროებითი ზომები ყველამ მიიღო, მათ შორის, საქართველომაც. მაქსიმალურად უნდა გადავწიოთ პერიოდი, როდესაც ვირუსი ქვეყანაში შემოაღწევ  იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს, რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია.
 
რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, მაგრამ ჩვენ ისეთი გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც ევროპის ქვეყნებს, სადაც უკვე გამოჩნდა ეს ვირუსი და ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ასე რომ, ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ, ზუსტად რასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა იმნაძემ.
 
მეცნიერები, მთავრობები და მედიასაშუალებები COVID-19-ის ახალ, მუტაციების “უკიდურესად დიდი რაოდენობის მატარებელ” შტამზე სულ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში სწრაფად იცვლება.
 
ვირუსი, თავდაპირველად, აფრიკის კონტინენტზე გამოავლინეს, შემდეგ კი ევროპის არაერთ სახელმწიფოში, ასევე, ისრაელსა და ავსტრალიაში დააფიქსირეს.
 
მონაცემების სიმცირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რამდენად საშიშია “ომიკრონი”, თუმცა, ერთი მხრივ, ექსპერტთა შფოთის გამო და მეორე მხრივ, თავის დაზღვევის მიზნით, არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციის დამატებით ზომებს.
425