BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება - „ენერგო-პრო ჯორჯია“

"ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე“, - ეს არის ამონარიდი კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
 
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია. კერძოდ, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.
 
ამასთან, კომპანის ხელმძღვანელი მიხეილ ბოცვაძე მესტიაში არსებულ უკანონო მაინინგზე ვრცლად საუბარობს და აცხადებს, რომ მესტიის არსებული ენერგომოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გათიშეს.
 
მიხეილ ბოცვაძის თქმითვე, უკანონო მაინინგით მთელი რეგიონი ზარალდება. ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიას რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გეგმაც აქვს.
 
"მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებს ადგილობრივ პატიოსან მომხმარებელს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო:
 
1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
 
2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
 
არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა "ენერგო-პრო". 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია.
 
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაიონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.
551