BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ბილაინი“ საკუთარ მომხმარებელს სტანდარტული სასაუბრო ტარიფის გაძვირების შესახებ აფრთხილებს

Beeline-ის აბონენტებს სტანდარტული ტარიფები უძვირდებათ. როგორც  კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  "ვიონი საქართველო" საკუთარ მომხმარებელს გაძირების შესახებ აფრთხილებს.
 
უნდა განიმარტოს, რომ აქ საუბარი სტანდარტულ ტარიფებს ეხება და არა - პაკეტებს. შესაბამისად, თუ კონკრეტული პაკეტის მომხმარებელი არ ხართ, 7 თებერვლიდან ადგილობრივ ქსელში საუბარი 10 თეთრის ნაცვლად 14 თეთრი დაგიჯდებათ.
 
“ვიონი საქართველოში” ამბობენ, რომ ეს დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს, რამდენადაც მათი აბონენტები ძირითადად მაინც სხვადასხვა პაკეტით სარგებლობენ და არა სტანდარტული ტარიფებით. 
 
“გაცნობებთ, რომ 7 თებერვლიდან "ბილაინის" სტანდარტული ტარიფის პირობებში შედის ცვლილება: 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ იქნება 0,14₾, ხოლო ზარის წამოწყება - 0,10 ₾.
 
სტანდარტული ტარიფი ზარის განხორციელებისას მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნომერზე არ არის გააქტიურებული სასაუბრო პაკეტი ან „ყველაფერი მაქსი“-ს რომელიმე ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბალანსზე სასაუბრო წუთების არარსებობის შემთხვევაში ზარის განხორციელებისას თანხის ჩამოჭრა ხდება ძირითადი ბალანსიდან.
 
სტანდარტული ტარიფის დანარჩენი პირობები რჩება უცვლელი: 1MB - 0,10₾, 1 SMS - 0,01₾”, - ნათქვამია განცხადებაში.
 
ტარიფების ცვლილების თაობაზე გუშინ “მაგთიმაც” გაავრცელა ინფორმაცია. "მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს, ერთდღიან და ერთკვირიან ულიმიტო ინტერნეტის ტარიფებს კი აძვირებს.
 
ტარიფების ცვლილებებისთვის სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მარეგულირებლის წინასწარი თანხმობა აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, დაკორექტირებული ტარიფები ძალაში ერთ თვეში შევა. კომუნიკაციების კომისიამ რეგულაცია გასული წლის ივლისიდან შეცვალა. მანამდე მოქმედი წესით, თუ კომპანიას ტარიფის ცვლილება სურდა, ეს ჯერ კომისიას უნდა დაემტკიცებინა. დღეს კი სატელეკომუნიკაციო სუბიექტების ვალდებულება მხოლოდ მომხმარებლების და მარეგულირებლის წინასწარი გაფრთხილებაა, თუმცა კახა ბექაურის უწყებამ ბერკეტი მაინც დაიტოვა:
 
„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის მარეგულირებელი საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას, კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში.
 
შეგახსენებთ, რომ მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, თუმცა მაშინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩარევით და გადაწყვეტილებით, ტარიფები არ გაძვირდა. უწყებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ კომპანიების მხრიდან ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წელს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მობილურ კომპანიებს სატარიფო მოქნილობა დაუბრუნა.
148