BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
 
მისი თქმით, უკრაინაში ასევე გააგზავნიან ბრიტანელი ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც ქვეყანაში ტრენინგს ჩაატარებს.
 
ბენ უოლესმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს "ლეგიტიმური და რეალური შეშფოთების მიზეზი", რომ რუსული ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენონ.
 
უკრაინაში 2015 წლიდან ათობით ბრიტანელი ჯარისკაცი იმყოფება, იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ქვეყანას შეიარაღებული ძალების მომზადებაში და გაერთიანებულმა სამეფომ ასევე აიღო ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს უკრაინის საზღვაო ფლოტის აღდგენაში 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ ბენ უოლასმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო დამატებით დახმარებას გაუწევს უკრაინას რუსეთის მხრიდან მზარდი მუქარის შემცველი ქმედების ფონზე.
 
მისი განმარტებით, მსუბუქი ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღის პირველი პარტია ორშაბათს გაიგზავნა.
 
„უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი საზღვრები და დახმარების ეს ახალი პაკეტი კიდევ უფრო აძლიერებს მის შესაძლებლობას, ეს განახორციელოს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ისინი გამოიყენება თავდაცვისთვის,“- აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.
 
მისი თქმით, არსებობს „საერთაშორისო სანქციების პაკეტი, რომელიც მზად არის ასამოქმედებლად“, თუ რუსეთი უკრაინაში „დესტაბილიზაციას“ განახორციელებს. უოლესმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი შეჭრა განიხილება, როგორც "ოკუპაცია", რომელმაც "შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის დიდი დანაკარგი ყველა მხრიდან".
 
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს.
 
„არჩევანი პრეზიდენტ პუტინზეა : დიპლომატიასა და დიალოგს აირჩევს, თუ კონფლიქტსა და მის შედეგებს“,“- აღნიშნა უოლესმა.
391