BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა პრობლემები შეექმნა ივანიშვილს, ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში? – ადვოკატის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების გადარიცხვაში შეფერხების გარდა, ივანიშვილისთვის შექმნილ „რამდენიმე სხვა საეჭვო ფაქტთან“ დაკავშირებით საუბრობს.
 
როგორც ყიფიანი განცხადებაში აცხადებს, მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებასა და ასევე, გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
 
ამასთან, ყიფიანის ინფორმაციით, აღნიშნული შეფერხებები „საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით“.
 
„ივანიშვილის მხრიდან „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.
 
კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.
 
ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.
 
ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.
 
ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
 
 
276