BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ

უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტებმა: ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარების თხოვნით მიმართეს.
 
„მივმართავთ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩინეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ასევე გაერო-ში, დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო და სამხედრო უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში, რომელთა განადგურებას რუსეთი, პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე,”- ნათქვამია მიმართვაში.
 
ექსპრეზიდენტების განცხადებით, „რაშისტების“ ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია.
 
„ქალაქი მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს თავისი დანაშაულის კვალი დამალოს.
 
ქალაქის უკრაინელი ჯარისკაც-დამცველების არაჩვეულებრივმა გამბედაობამ და გმირობამ არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. „აზოვის“ ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა. ესენი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, თავგანწირული, მამაცი, პატრიოტები. მაგრამ ახლა უკვე საუბარი აღარ არის თანასწორ თუ უთანასწორო ბრძოლაზე. მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსების სისხლიანი შურისძიების და რეპრესიების მცდელობა მათ წინააღმდეგ, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ალყაში იყვნენ, დაამარცხეს ისინი სულისა და ნებისყოფის ძალით.
 
მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს შეუერთდეთ გმირი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ათობით მილიონი უკრაინელი იმედით გიყურებთ და ცივილიზებული მსოფლიოს ყველა ხალხი მადლიერებით დაგიკრავთ ტაშს თქვენი წარმატებული შუამავლობისთვის,” - აღნიშნულია განცხადებაში.
240