BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა თანამდებობაზე წარადგინა პრეზიდენტმა ნათია თურნავა?

საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
მისივე თქმით, საკითხს განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. ამასთან, ვოლსკის განცხადებით, სავალდებულო დასკვნა უნდა წარადგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც.
 
„საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. ამის განსახილველად წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
 
შეგახსენებთ, ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 2022 წლის 9 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, სფეროს შეცვლისა და სხვა ასპარეზზე ძალების მოსინჯვის სურვილი აქვს.
541