BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევაში 80% – მდე ეფექტურია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, „მაიმუნის ყვავილი“ საქართველოში არ დაფიქსირებულა და ამ ეტაპზე , ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ,  იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
BUSINESS TIME-ს  კითხვაზე: რამდენად ეფექტურია  „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევაში წლების წინ დანერგილი „ყვავილის“ ვაქცინა, იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 80 % –ს უტოლდება. 
 
„რა თქმა უნდა ეფექტურია, ვინაიდან „ყვავილის“ საწინააღმდეგოა ეს ვაქცინა და „მაიმუნის ყვავილიც“ არ არის გამონაკლისი მისი მოქმედების მხრივ, ეს ვაქცინა არის ყვავილის საწინააღმდეგო და ეს იქნება „მაიმუნის ყვავილი“ თუ „ძროხის ყვავილი“  ( არსებობს ასეთიც) მისი გამოყენება შესაძლებელია. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოში ამ ტიპის ინფექციები ბოლო წლების მანძილზე არ ფიქსირდებოდა, ამიტომ მისი გამოყენება სავალდებულო ვაქცინაციის კუთხით საჭირო აღარ იყო და ყვავილის ვაქცინას ჩვენ აღარ ვიყენებთ დაახლოებით 1980 წლიდან.  ამასთან ამის საჭიროებაზე საუბარი ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ნაადრევია. ამ ვაქცინას ჯერ იმ ქვეყნებშიც არ იყენებენ სადაც „მაიმუნის ყვავილი“ უკვე დაფიქსირდა. კიდევ ვიმეორებ პანიკის საფუძველი არ არსებობს თუმცა სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. ჩვენც დედამიწაზე ვართ და გამორიცხული და 100 % –ით დაცული ვერ ვიქნები“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
 
 
 
256