BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უკრაინა მოუწოდებს „აფრიკის კავშირს“, არ დაუჯეროს ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის საკითხში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „აფრიკის კავშირის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს, მაკი სალს მოუწოდა, გამოიყენოს ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ, რათა დაარწმუნოს იგი, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
 
„უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო, აფრიკას სურსათზე ფასების მატება და პოტენციური შიმშილობა ემუქრება. ამ კონტექსტში არასასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ უკრაინამ რაღაც უნდა გააკეთოს – რუსეთის დაგმობისა და გამანადგურებელი ომის შეჩერების გარეშე“, – დაწერა ნიკოლენკომ.
 
თავის პოსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აფრიკელ ლიდერს მოუწოდა, არ დაუჯეროს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს.
 
„ჩვენ ვისწავლეთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სიტყვების ნდობა არ შეიძლება. 24 თებერვლამდე მან და მისმა ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. მაგრამ ის შემოიჭრა“, – წერს ნიკოლენკო.
 
ნიკოლენკოს თქმით, უკრაინამ კრიზისის მოსაგვარებლად სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა: რუსული ფლოტის გაყვანა შავი და აზოვის ზღვებიდან, უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს დასაცავად და საერთაშორისო საზღვაო მისიის შექმნა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, ისარგებლოს უკრაინის პორტების განაღმვით საექსპორტო მარშრუტების პატრულირებისთვის.
 
როგორც „ბიბისი“ წერს, 3 ივნისს სენეგალის პრეზიდენტი და „აფრიკის კავშირის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე მაკი სალი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა სოჭში და ხორბლის, მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის დერეფნების შექმნა მოუწოდა. ბრიტანული მედიის ცნობით, 9 ივნისს ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში მაკი სალმა განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინს გადასცა აფრიკის ქვეყნების პოზიცია, რომელიც სამ პუნქტშია გადმოცემული: აუცილებელია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფა ოდესიდან, გაგრძელდეს რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტი და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან და სხვა სახელმწიფოებთან ომის დასასრულებლად. ამასთან, სალმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პუტინმა განუცხადა, რომ ისინი მზად არიან უზრუნველყონ უსაფრთხო დერეფნები გემებისთვის ოდესის წყლების განაღმვის შემდეგ და ნება დართონ უკრაინას ისარგებლოს ამ უსაფრთხო დერეფნებით მარცვლეულის ექსპორტისთვის.
 
სალმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ სანქციების მოხსნა უნდა გახდეს უკრაინული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის აუცილებელი წინაპირობა.
 
 
184