BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არიან დიდი ძალები, რომლებსაც სურთ რევოლუცია – სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება

არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
 
„ამისათვის შედგა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.
 
ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.
 
კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო.
 
ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.
 
ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
 
ნაცმოძრაობის რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს.
 
ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია – სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას.
 
რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.
 
მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.
 
მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
 
 
 
 
271