BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები - კალაძე კონფერენციაზე - „დიდება უკრაინას“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

კალაძემ აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პუნქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„დეოლიგარქიზაციაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციას, „დიდება უკრაინას“ ესწრებიან, დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ.

კახა კალაძის თქმით, ისინი, ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, საქართველოს მტრები არიან. მისივე განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.

„ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ დღეს გაიხსნა.

678