BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გადამხდელი ვერ შეძლებს საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდებას – შემოსავლების სამსახური ხორბლის პროდუქციის რეალიზაციის შესახებ

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესში ცვლილება განხორციელდება.
 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქართველოში წარმოებული ხორბლის პროდუქციის რეალიზაციისას, მყიდველის ინტერესების დასაცავად, ახალი ალტერნატიული მექანიზმი შემუშავდება.
 
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ხორბლის შემძენი მეწარმე-სუბიექტი შეძლებს განხორციელებულ ოპერაციაზე მიმწოდებელს მოსთხოვოს ე.წ. სპეციალური წესის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ინიცირებული ცვლილებით, არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ვერ შეძლებს საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდებას.
 
საკანონმდებლო სიახლის გაცნობის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და საქონლის შეძენისას დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს.
 
როგორც აღინიშნა, ინიციატივის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესი ამოქმედდეს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზეც. სამუშაო შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი იონა კიზირია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასევე საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე და მარცვლეული კულტურების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აღნიშნული სიახლის შესახებ „ღია კარის“ ფორმატში, საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში განხორციელდება და ოქტომბრის თვეში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
 
 
 
 
236