BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2023 წლის 1 სექტემბრიდან, რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წელის პირველი სექტემბრიდან, რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება.
 
უწყების ცნობით, რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.
 
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. უწყების მიერ წარდგენილი სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
 
"ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს. ამ მართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე", - განმარტავენ სამინისტროში.
323