BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ იზრდება - კვლევა

„თიბისი კაპიტალისა“ და „კოლიერსის“ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ იზრდება.
 
გაზრილია როგორც ბინის ქირაობის, ასევე გაყიდვების ფასები როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.
 
„თიბისი კაპიტალი“, – „თიბისი ბანკის“ საკონსულტაციო ფირმა, – 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ ცნობებში წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, გასაქირავებელ ბინებზე, კვადრატული მეტრის ფასი 120%-ით გაიზარდა და 11.2 დოლარი შეადგინა.
 
ეს ნიშნავს, რომ, პირობითად, თუკი შარშან 40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის თვიურად ქირაობა, საშუალოდ, 204 დოლარი ჯდებოდა, წელს ეს ფასი 448 დოლარია.
 
გაქირავების ფასები ყველაზე ნაკლებად გაზრილი ვაკესა და მთაწმინდაზეა — მხოლოდ 81%-ით.
 
ბინის ქირაობა ყველაზე მეტად, 158%-ით გაძვირდა დიდ დიღომში, სხვა რაიონებში კი ზრდის მაჩვენებლები, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ასეთია:
 
ისანი – 146%
სამგორი – 143%
ჩუღურეთი 137%,
ნაძალადევი – 135%,
გლდანი – 133%,
კრწანისი – 125%,
დიდუბე – 119%,
საბურთალო – 113%.
 
„თიბისი კაპიტალი“ წერს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბრის მონაცემებზე გავლენა იქონია [რუსეთის ფედერაციიდან] „მიგრაციის მეორე ტალღამ“. ეს არის რეკორდული ზრდა.
 
 
„თიბისი კაპიტალისა“ და „კოლიერსის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ბინის ყიდვაც მნიშვნელოვნად არის გაძვირებულია.
 
„თიბისი კაპიტალის“ შეგროვებული ინფორმაციით, ერთ წელიწადში ზრდამ 28% შეადგინა და ამჟამად გასაყიდი ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1 037 დოლარია.
 
ეს ნიშნავს, რომ 40 კვადრატული ფართობის მქონე ბინის ფასი საშუალოდ 41480 დოლარია.
 
საკონსულტაციო ფირმის თანახმად, გასაყიდ ბინებში კვადრატული მეტრის ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია მთაწმინდაზე – 38%. დანარჩენ რაიონებში კი ასეთი სურათია:
 
მთაწმინდა – 38%,
ვაკე – 20%,
კრწანისი – 13%,
საბურთალო – 35%,
ჩუღურეთი – 12%,
ისანი – 20%,
დიდუბე – 18%,
ნაძალადევი – 23%,
გლდანი – 22%,
დიდი დიღომი – 20%,
სამგორი – 22%.
 
„თიბისი კაპიტალის“ ცნობითვე, ფასები უფრო მაღალია ახალაშენებულ, გარემონტებულ ბინებზე (1303$), ხოლო „მწვანე კარკასზე“ – 1124$.
 
ოქტომბრის მონაცემებს აქვეყნებს „კოლიერსიც“, – რომელიც ასევე უჩვენებს ზრდას ფასებზე, თუმცა უფრო ნაკლებს.
 
კერძოდ, საკონსულტაციო ფირმის თანახმად, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ამ თვეში გასაყიდი ბინის ფასები 13%-ით გაიზარდა და 837 აშშ დოლარი შეადგინა. 40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე ეს 33 480 დოლარია.
 
ორგანიზაცია აჩვენებს განსხვავებებს გარეუბნებსა და ცენტრს შორის: „2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება“, – წერენ „კოლიერსის“ მკვლევრები.
 
 
„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობა (ანუ გაყიდვები), წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა და 4052 ერთეული შეადგინა. გაყიდვები განსაკუთრებით გაზრდილია ჩუღურეთში (78%-ით), კრწანისსა (59%-ით) და ისანში (58%-ით).
 
„კოლიერსის“ მონაცემებიც ახლოს დგას ამ რიცხვებთან, – კერძოდ, „კოლიერსის“ ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში ტრანზაქციები 29%-ით გაიზარდა (ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი).
 
„კოლიერსი“ ასევე წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო „ეკონომ სეგმენტში“ – მხოლოდ 10%-ით.
 
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.
 
ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა, – რაც მნიშვნელოვანია ბინის ყიდვისას იპოთეკური სესხის აღებისას. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 11.0 პროცენტი აქვს დადგენილი.
254