BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2022 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 15.6% შეადგინა.
 
„ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად – 77.5 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ – 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით – 47.4 ათასი ადამიანით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
 
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს.
 
ვიცე-პრემიერის შეფასებით, დასაქმების არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ.
 
 
 
 
109