BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგი გამართა

იმუნოლოგმა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის [NIAID] ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგი გამართა.
 
მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხს ის ემახსოვრება როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ფაუჩიმ ასევე ისაუბრა კორონავირუსის პანდემიაზე, რომელიც მისი თქმით, მის კარიერაში “ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი” ნაწილი იქნება.
 
“როდესაც ამ ქვეყანაში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ისეთი მიზეზით არ იცრებიან, რომელსაც არანაირი კავშირი საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან არ აქვს და ამას აკეთებენ იდეოლოგიური განსხვავების გამო, როგორც ექიმისთვის ეს მტკივნეულია”, - განაცხადა მან.
 
22 აგვისტოს ფაუჩიმ განაცხადა, რომ 54-წლიანი სამსახურის შემდეგ დეკემბერში დატოვებს თანამდებობას. მისი თქმით, გადადგება როგორც ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის, ისე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის პოსტებიდან.
 
COVID-19-ის პანდემიის დროს პროფესორი ფაუჩი ხშირად ჩნდებოდა პრესკონფერენციებზე თეთრი სახლის იმჟამინდელ წარმომადგენლებთან და თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, თუმცა მოგვიანებით აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს პანდემიის მართვაზე განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა.
147