BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მძღოლების გაფიცვის გამო ზუგდიდიდან დედაქალაქისკენ მგზავრობა შეფერხებულია

ამ დროისთვის ბლოკირებულია ზუგდიდის ორივე სადგური, როგორც შპს „ავტოსადგურის“ ტერიტორია, სადაც ახალი სატრანსპორტო კომპანია „მეტრო +“ შევიდა, ისე რკინიგზის სადგურთან მდებარე ავტოსადგური. მძღოლები აქციას მართავენ შპს „ავტოსადგურ“-ის შენობასთან. ისინი „მეტრო+“-ის ქვეყნის შიდა, საქალაქთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.

საინფორმაციო სააგენტო „Business Time“ აქცის მონაწილე მძღოლს გაესაუბრა. ზურაბ ყალიჩავა თბილისი–ზუგდიდის ხაზზე 8 წელია, მუშაობს და ეს მისი ერთადერთი შემოსავალია. ბინა იპოთეკით დატვირთა, რითიც სამგზავრო ავტობუსი შეიძინა. ყოველთვიურად სესხის დასაფარად სოლიდურ თანხას იხდის და 7 სულიან ოჯახსაც არჩენს. ზურაბ ყალიჩავა და მისი თანამოაზრე კოლეგები  მოითხოვენ, შეწყვიტოს ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ოპერირება კომპანია „მეტრო+“–მა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები პროტესტის უკიდურეს ფორმით - შიმშილობით იმუქრებიან.

„ბანკის კრედიტებით გვაქვს ყველას ნაყიდი მანქანები. ახლა თურქული კომპანია შემოვიდა  და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მშივრები, უსახლკაროდ  დავრჩებით. რად მინდა მე ისეთი სახელწიფო, თუ ჩემს უფლებებს არ დაიცავს?!  უცხოელს საქართველოს მოქალაქეებზე წინ არ უნდა აყენებდნენ. ეჭვი გვაქვს, რომ  „მეტრო+“ ზუგდიდის გამგეობასთან კორუფციულ გარიგებაშია და ჩვენ ამას აუცილებლად გამოვარკვევთ“, – განუცხადა  ზურაბ ყალიჩავამ „Business Time“-ს.

„Business Time“ საკითხზე კომპანია „მეტრო+“-საც დაუკავშირდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დიდიშვილმა განაცხადა, რომ „კომპანია ქართულია და მასში მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული“.

„მეტრო +“-მა იჯარით შეისყიდა შენობა სპეციალურად ამ საქმიანობისთვის, თურქეთიდან ჩამოვიყვანეთ ევროპული ტიპის, 2012 წელს გამოშვებული, 27 ადგილიანი, კომფორტული ავტობუსები. ჩვენთვის გაუგებარია შექმნილი ვითარება. ირღვევა ჩვენი, როგორც კანონიერად დარეგისტრირებული კომპანიის კანონით მონიჭებული უფლება. ჩვენი კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ავტობუსები გაცილებით კომფორტულია. სერვისიც მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზეა ორიენტირებული.  გვაქვს 20%–ნი ფასდაკლება სოციალუირად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის. ბუნებრივია, ადამიანებს ჩვენთან მგზავრობა ურჩევიათ და სწორედ ეს აღიზიანებს მათ“, - ამბობს დიდიშვილი.

სატრანსპორტო დავაზე „Business Time“ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.

ავტორი: ბელა გელაშვილი
ელფოსტა: bela.gelashvili84@gmail.com
5623