BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თორნიკე აბულაძე: „ახალი რეგულაციები გარკვეულწილად მშენებლობას გააძვირებს“

„ახალი რეგულაციები გარკვეულწილად  მშენებლობას გააძვირებს, თუმცა დეტალურადაა შესასწავლი რამდენად გაიზრდება ხარჯები“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტოსთან “Business Time”-თან საუბრისას დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ.

„როგორც მიზნესმენი, ნებისმიერი რეგულაციის წინააღმდეგი ვარ. ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესს ურთულებს მდგომარეობას. როგორც მოქალაქე კი ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. კანონის ძალას ეს დოკუმენტი 2017 წელს შეიძენს.  მანამდე კი სამშენებლო კომპანიებს გვაქვს დრო შევჯერდეთ და მოვამზადოთ შენიშვნები. ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ“, – ამის შესახებ Business Time - ს კომპანია „არსის“ პრეზიდენტმა, თირნიკე აბულაძემ, განუცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო კომპანიების შიში, რომ ახალი რეგულაციები მშენებლობას გააძვირებს, უსაფუძვლო არ არის, თუმცა მისი თქმით, საზოგადოებამ  არჩევანი  უსაფრთხო გარემოზე უნდა გააკეთოს და ეს ინიციატივა ამ მხრივ, უდავოდ, წინგადადგმული ნაბიჯია.

„დროა, ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი უსაფრთხო გარემოსა და ბიზნესის მცირე გაძვირებას შორის. რაც შეეხება გამაძვირებელ გარემოებებს, წინაწარ ვერაფერს გეტყვით. დეტალურადაა შესასწავლი რამდენად გაზრდის ეს რეგულაციები სამშენებლო ხარჯს და ჩვენ ამას აუცილებლად შევისწავლით,“ – ამბობს თორნიკე აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მშენებლობის კოდექსის ფარგლებში შემოდის სიახლე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მოედანზე, მშენებლობის პროცესში სავალდებულო ხდება ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც მესამე პირმა უნდა განახორციელოს. ამისთვის ცალკე კომპანიები შეიქმნება, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესს.

კოდექსში ნათქვამია, რომ სამშენებლო მოედანზე აუციელებელია იმყოფებოდეს, როგორც უსაფრთხოების ოფიცერი, ასევე ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებს. აქამდე მსგავსი რეგულაციის დაწესება სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, დავით გიგინეიშვილის თქმით, მართალია ამით დამატებითი რეგულაცია შემოდის სამშენებლო სექტორისთვის, მაგრამ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების მონიტორინგი და მშენებლობის ხარისხის კონტროლი, საბოლოოდ მომხმარებლის უსაფრთხოებაზეა გათვლილი.

 

ავტორი: ბელა გელაშვილი
ელფოსტა: bela.gelashvili84@gmail.com
6307