BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გურჯაანში წელს პირველად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს, პირველად უმასპინძლებს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ყველის სახეობები, არამედ კერძები, რომლებშიც ყველი მთავარი ინგრედიენტია. 
 
სამინისტროს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის და ქალაქის სტუმრებისთვის სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 
 
ამასთანავე, გურჯაანში, ახტალას პარკში მისულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულების მასტერკლასებს დაესწრონ, ერთმანეთს ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში შეეჯიბრონ და ქართული ღვინო დააგემოვნონ. ფესტივალის პროგრამაშია კონკურსები ჩურჩხელასა და ხინკლის მომზადებაში.   
 
საფესტივალო სივრცე ბავშვებისათვის გასართობ კუთხესაც მოიცავს. 
 
"ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და დიჯეი",  - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
 
ფესტივალის დასკვნით ნაწილში გაიმართება ბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ.
1561