BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ სექტემბრამდე დახურულია – არსებობს გამონაკლისი მიმართულებებიც

საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ სექტემბრამდე დახურულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან. 
 
“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
 
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
 
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
 
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).
 
NOTAM-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით)”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიურ NOTAM-ში. 
 
NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
 
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.
 
თუმცა საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეხუთედ, 1-ელ სექტემბრამდე გადაავადა. 
 
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.
917