BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქვეყანა ოკუპაციის გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა “წარსულის შეცდომებს” აღარ გაიმეორებს.
 
“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა.
 
სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე”, — წერს გახარია “ფეისბუქზე”.
 
აგვისტოს ომის დაწყებიდან, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, 7 აგვისტოს 12 წელი შესრულდა.
412