BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქართული თხილის ფასი ამ დროისთვის 4-დან 4.50-ლარამდე მერყეობს

გლეხებს და ფერმერებს თხილის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ქართული თხილის ფასი ამ დროისთვის 4 - დან 4.50- ლარამდე მერყეობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-ს "საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა  ასოციაციის " აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განუცხადა. 
 
ქარდავას თქმით, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა აშკარაა რომ მოსავალი რაოდენობრივადაც და ხარისხითაც შარშანდელზე უკეთესია. 
 
"მაგალითად , თუ 100 გატეხილი თხილიდან 90 საღი აღმოჩნდება ფასი 4.50 ლარით განისაზღვრება. სიტუაციის უკეთ შეფასება და დასკვნების გაკეთება სექტემბერში უფრო იქნება შესაძლებელი, როდესაც თხილის მოსავალს ფერმერები და გლეხები სრულად აიღებენ. სექტემბერში მოსალოდნელია ფასის მატება, როცა თხილი სრულად იქნება დაკრეფილი, მშრალი და დახარისხებული. ზუსტად რამდენით მოიმატებს ფასი ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია”,- განაცხადა ქარდავამ. 
  
მან, ასევე აღნიშნა, რომ თხილის ფასი და მისი რეალიზაცია არა მარტო ქართულ ბაზარზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ როგორი იქნება უცხოეთიდან მოთხოვნა. 
 
“ფასზე და რეალიზაციაზე ხარისხის გარდა, სხვა გარემოებებიც დიდ გავლენას ახდენს, პანდემიამაც გარკვეული უარყოფით როლი ითამაშა, რამაც ევროპიდან ქართული თხილის მოთხოვნის შემცირება განაპირობა. თუმცა უახლოეს მომავალში თურქეთიც შემოვა ბაზარზე, რაც გაზრდის მოთხოვნას და ფასიც რეალურად განისაზღვრება”,- განმარტა ლევან ქარდავამ.    
665