BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან დავითაშვილი: „მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი”

მინისტრმ, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა.  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, კომპლექსი, რომელიც შპს „აგროკომპლექსს“, შპს „სართიჭალა ვაინიარდ კომპანიას“, შპს „დმანისის მეცხოველეობას“ და რამდენიმე სხვა კომპანიას ერთიანებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების - „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ ბენეფიციარია.
 
 „სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში ახალი მეურნეობები ყალიბდება, ასევე მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი. „აგროკომპლექსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის კომპანიაა საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა წარმოდგენილი. მათ შორის, კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია სუფრის ყურძნის ბაღი, რაც იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 
 
ცნობისთვის, აგროკომპლექსი 1200 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული მეურნეობაა, რომელიც იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნისა და ვაშლის ინტენსიურ ბაღებთან ერთად, Mაისადოურ ჯიშის სიმინდის (საფრანგეთი) ნათეს ფართობებს, ვაშლის შესანახ სამაცივრო მეურნეობასა და მეხორცული ჯიშის ფერმას აერთიანებს. 
 
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბაღები აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. სამაცივრო მეურნეობაში დანერგილი ULO ტექნოლოგია კი, ხილის იერსახის და ღირებულებების ხანგრძლივ შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აგროკომპლექსში მუდმივად 70, ხოლო სეზონურად 100 ადგილობრივი პირია დასაქმებული. 
427