BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხორბლის მარაგებზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ლევან სილაგავა განმარტებას აკეთებს

„მინდა, სწორად განვმარტო ის, რაც დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომელიც ხორბლის მარაგების და წისქვილკომბინატების გაჩერებასთან დაკავშირებით გავრცელდა" - განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
 
როგორც ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფქვილის მარაგების თემასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი გაუგებრობით იყო გამოწვეული. 
 
„მინდა, სწორად განვმარტო ის, რაც დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომელიც ხორბლის მარაგების და წისქვილკომბინატების გაჩერებასთან დაკავშირებით გავრცელდა. განცხადებაც გამოვაქვეყნეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იყოს, მათ შორის, ჩვენიც და პრესისაც, რომელიც ინფორმაციის გამავრცელებელია. მით უმეტეს, ასეთ სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეუბნებით, ამ სიტუაციაში, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებზე ვიფიქრეთ, რომლებმაც გაიგეს, რომ წისქვილები იხურება და ხორბლის მარაგები იწურება. ვინც ყოველდღიურად ასეთი ინფორმაციის მიღებაში ჩართული არაა და ასეთი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია, იფიქრეს, რომ ეს გარკვეულწილად პურზე, რაოდენობაზე აისახებოდა. შეიძლება, ამ ადამიანებმა დაიწყეს შესყიდვები დ ა ა.შ . აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით. ამაზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენს მიმართვაში გამოკვეთილი იყო ის, რომ ინფორმაციის მიწოდება სრული ყოფილიყო. თუ გავყვებით ამ სიტუაციას, ვნახავთ: ჟურნალისტებს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხორბლის მარაგები იწურება, წისქვილები ჩერდება, თუმცა, ქვეყანა ფქვილის იმპორტზეა გადასული. შესაბამისად, ფქვილთან მიმართებით პურის ქარხნებში მარაგებია. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში ამას საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, სათაურების მიხედვით, აღქმული იყო მხოლოდ 2 კომპონენტი: წისქვილები იხურება და ხორბლის მარაგები იწურება. პურის ქარხნებში ფქვილის მარაგების გადასვლის კომპონენტი, სამწუხაროდ, ყველას არ ჰქონდა გამოტანილი. ამან აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩვენი აზრით, ეს გარკვეულწილად გაუგებრობის შედეგად მოხდა.
 
ამ ყველაფერმა გარკვეულწილად დაგვანახა ის, რომ დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო იმისათვის, რომ რესპონდენტებმა და პრესამ სწორად ითანამშრომლონ, საბოლოო პროდუქტი, ინფორმაციის მიწოდება ისეთი იყოს, რომ ამან აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს. პრესას გიდასტურებთ პატივისცემას, ნებისმიერ შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენთვის პირდაპირი ეთერებია პრიორიტეტი, რადგან საშუალებაა, ინფორმაცია პირდაპირ მიეწოდოს და იქვე დაზუსტდეს“, – განაცხადა სილაგავამ.
 
 
248