BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„აშკარა ხდება რომ მარეგულირებელი კომისია და „ეფესბე“ სრულ ჰარმონიაში არიან“ - გიგა ბედინეიშვილი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „სომხური-სპუტნიკის“ მიერ გავრცელებულ სტატიას, სათაურით „რა ემუქრება სომხეთს „Caucasus Online“-ის აქციების ბაქოსთვის მიყიდვით“ ეხმაურება და წერს, რომ ვიღაცას შეიძლება ეს ბოდვა ეგონოს, მაგრამ სპუტნიკი სინამდვილეში „ეფესბეს“ რუპორია.
 
ბედინეიშვილის აზრით,  აზერბაიჯანელების მიერ კავკაზუსში წილის ყიდვას, კასპიაში კაბელის ჩადებას და ფრანკფურტის და შანხაის ოპტიკით დაკავშირებას რუსები უშლიან ხელს. საქართველოს მთავრობა კი რუსებს ამაში ეხმარება.
 
„რაც შეეხება სომხეთისთვის ინტერნეტის გათიშვას - სრული სისულელეა. სომეხ კლიენტებთან კომპანიას მშვენიერი ურთიერთობა აქვს და არავინ მათთვის ინტერნეტის გათიშვას არ აპირებს. ინტერნეტი რომ გაუთიშოს კავკაზუსონლაინმა სომხებს: შემოსავლებს დაკარგავს, უშველებელ ჯარიმებს დაიკისრებს სომხებთან კონტრაქტის დარღვევისთვის, ქვეყანას შეიყვანს რეალურ საერთაშორისო სკანდალში, რითაც სრულ საფუძველს აძლევს სახელმწიფოს კომპანიის სანქცირებისთვის, კომპანიის დირექტორი რომელიც ასეთ რამეზე ხელსმოაწერს ციხეში წავა, კომპანია საბოტაჟისთვის მართლა ექსპროპრიაციას დაიმსახურებს. ამასობაში აშკარა ხდება რომ მარეგულირებელი კომისია და „ეფესბე“ სრულ ჰარმონიაში არიან“, - წერს გიგა ბედინეიშვილი. 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანია Neqsol Holding-ი შემოვიდა. აღნიშნული ცვლილება საბითუმო ინტერნეტის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის - "კავკასუს ონლაინის" მესაკუთრეთა რიგებში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ კი კომპანიის 49%-იანი წილის მესაკუთრე აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და Neqsol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი გახდა, ამის შესახებ კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა. 
 
713