golden brand
ავერსი ნემო

2027 წლის 1-ელი იანვრიდან საბარათე გადახდებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა თითოეული ტრანზაქციის ღირებულების 0.3% იქნება - ამის შესახებ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, საკომისიოს ზედა ზღვრის გვერდის ავლის მიზნით, ბანკებს, საგადახდო სისტემებსა და სხვა დაკავშირებულ მხარეებს აეკრძალებათ საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ დაყოფა ან ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება.

ამასთან, ცვლილებები გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა საბარათე გადახდაზე, მათ შორის, საერთაშორისო საგადახდო სქემებით შესრულებულ ოპერაციებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდა უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გაცემული ბარათით ხორციელდება.

“საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საგადახდო სქემებს და სხვა დაკავშირებულ მხარეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ისეთი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაცვლის საკომისიოსთვის დაწესებული შეზღუდვის გვერდის ავლას ან/და აქვს ამგვარი ეფექტი, მათ შორის, საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ ფორმირება, ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება და სხვა.“, ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ასეთი ტიპის რეგულირების მიღებას 2025 წლის სექტემბერშიც გეგმავდა. მაშინ კანონპროექტის ინიციატორები გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ 0.5%-ს ადგენდა. თუმცა, 2025 წლის ნოემბერში ამ ინიციატივის გახმობა მოხდა. მეტიც, მაშინ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხს მომავალში აუცილებლად დაუბრუნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი წესით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან 0.3%-ზე გაცილებით უფრო მაღალია.

მაგალითად, თუ კონკრეტული ერთი ბანკის პოსტერმინალზე იმავე ბანკის ბარათით ხდება გადახდა, მაშინ საკომისიო 1.5%-ს შეადგენს, პარტნიორი ბანკების ბარათებით - 1.7%-ია, სხვა ქართული ბანკების - 2%, ხოლო უცხოური ბარათების ტარიფი 2.4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედ ზოგ ბარათზე საკომისიო 3.5%-საც კი შეადგენს.

12