GGU ჯგუფმა 2025 წლის 25-26 ნოემბერს თურქეთში გამართულ GBM CEE, Central Asia & Türkiye Awards-ზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, სადაც ჯილდოვდებიან კომპანიები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რეგიონის კაპიტალის ბაზრების ინოვაციურ და მდგრად განვითარებაში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ - Georgia Global Utilities (GGU) - გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „წლის გარიგება - საქართველო“ (Deal of the Year - Georgia).
„GGU-ს ჯილდო გადაეცა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5-წლიანი მწვანე ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე და ხელი შეუწყო წყალმომარაგების სექტორის მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. ტრანზაქციის მენეჯმენტი განახორციელეს წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა - J.P. Morgan, TBC Capital და Galt & Taggart.
თურქეთში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ GGU ჯგუფის წარმომადგენლები: ხოსე მიგელ სანტოსი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი; რამონ მარია პუჯოლი, GGU ჯგუფის ფინანსებისა და კონტროლის მიმართულების ხელმძღვანელი; ანასტასია ასათიანი, Aqualia-ს სტრატეგიული ინვესტიციებისა და M&A-ს ხელმძღვანელი აზია–აფრიკაში; ფრანცისკო ატანასიო გოიტია, Aqualia - ს ფინანსური რესურსებისა და ლიკვიდობის მართვის ხელმძღვანელი.
GGU ჯგუფის მიერ მოპოვებული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიული ინვესტიციების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.