gorgia
ავერსი legi

 ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 11 თვეში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო წარდგენილი. ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, ბრაზილია, სომხეთი, უზბეკეთი.
ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 18 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.


მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, 9 ღვინის კომპანიამ ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.


ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 37 გამოფენა-ფესტივალი გაიმართა.


ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1,4 მლნ ლარით აღემატება აღნიშნული პროგრამის გასული წლის ბიუჯეტს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

146